RSF-ის პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუარესებულია

პუბლიკა

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2025 წლის მედიის თავისუფლების მდგომარეობის რეიტინგს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო გაუარესებულია. შარშან საქართველო 26 ადგილით ჩამოქვეითების შემდეგ, 103 ადგილს იკავებდა – წელს ამ მაჩვენებელმა 11-ით იკლო და ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს ზღუდავს ჩარევები – ასევე, გარემო, რომელიც მტრულად განწყობილია დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიების მიმართ. იზრდება ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმებიც. აღნიშნულია ისიც, რომ მიღებული რეპრესიული კანონები მარგინალიზაციას უწევს ჟურნალისტებს, აყენებს მათ ცენზურის რისკის ქვეშ და ამცირებს თავისუფალი სიტყვის სივრცეს.

RSF მედიის თავისუფლების ინდექსს რამდენიმე კომპონენტის მიხედვით აფასებს, მათ შორის მედიაგარემოს, პოლიტიკური კონტექსტის, სამართლებრივი ჩარჩოს, ეკონომიკური და სოციოკულტურული, ასევე უსაფრთხოების გათვალისწინებით. მედია გარემოს შეფასების დროს აღნიშნულია, რომ გარემო არის მრავალფეროვანი, თუმცა ამავდროულად პოლიტიკურად ძალზედ პოლარიზებული – მანიპულაცია, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდ არის გავრცელებული ქართულ მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიებში, რაც ქვეყნისთვის ინფორმაციის მთავარ წყაროს წარმოადგენს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მედიის მფლობელები ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო შინაარს, მათ შორის მითითებულია, რომ ეს მოხდა „რუსთავი 2“-ში, მფლობელის ცვლილების შემდეგ, ასევე, საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელმა განიცადა „მთავრობის ჩარევის“.

რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, ანგარიშში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანა ახალ და სერიოზული პოლიტიკურ კრიზისშია და მსგავს გარემოში სატელევიზიო არხებზე კონტროლისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.

აქვე, ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, ქართული კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედია საშუალებების ფლობას უკრძალავს, დიდი არხები, ძირითადად, მათი მფლობელების ინტერესებს იცავენ, რაც ხშირად თანხვედრაშია პოლიტიკურ ლიდერების ინტერესებთან. მათივე შეფასებით, იგივე შეიძლება ითქვას სახელმწიფო მედიაზე, რომელიც ხელისუფლების ძლიერი ჩარევების ქვეშ იმყოფება. ამავდროულად, მითითებულია, რომ ხელისუფლება ხშირად უარს ამბობს კრიტიკულ მედიასთან თანამშრომლობაზე და ხშირად მიმართავს, ცენზურასა და დისკრედიტაციის კამპანიას მათ წინააღმდეგ.

საკანონმდებლო ჩარჩოს შეფასების დროს, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც წარმოადგენს აუცილებელ პირობას ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების დასაწყებად. მათი განცხადებით, წინა რეფორმებისგან განსხვავებით, რომლებიც მედიის პლურალიზმსა და გამჭვირვალობას ემსახურებოდა, ხელისუფლებამ მიიღო რეპრესიული, რუსეთში მოქმედის მსგავსი კანონი, რომელიც ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას.

შეფასებულია ეკონომიკური კონტექსტიც და აღნიშნულია, რომ სუსტად განვითარებული სარეკლამო ბაზარი კიდევ უფრო სუსტდება როგორც ბეჭდურ, ისე ონლაინ მედიებში – ანგარიშში ხაზგასმულია, რომ კერძო მედიასაშუალებების ისედაც რთული ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა „უცხოური გავლენის“ კანონით.