RSF: საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობამ 26 ადგილით უკან დაიხია

პუბლიკა

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2024 წლის მედიის თავისუფლების მდგომარეობის რეიტინგს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობამ 26 ადგილით უკან დაიხია და ქვეყანა ამჯერად 103-ე ადგილს იკავებს. ანგარიშში საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა შეფასებულია როგორც „რთული“.

„მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა საქართველომ (103-ე ადგილი), რომელმაც 26 ადგილით უკან დაიხია. მისი მმართველი პარტია აგრძელებს საზოგადოების პოლარიზებას, აწარმოებს მოსკოვთან დაახლოებისა და პრესის თავისუფლების მიმართ სულ უფრო მტრულად განწყობილ პოლიტიკას“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთი რეიტინგში 162-ე ადგილს იკავებს და აგრძელებს თავის „ჯვაროსნულ ლაშქრობას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ“. ანგარიშის მიხედვით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთიდან 1500-ზე მეტი ჟურნალისტი გაიქცა.

„2024 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში სხვა ქვეყნების რეიტინგის დაცემის გამო რუსეთის ორი ადგილით დაწინაურება ფარავს მისი გლობალური ქულის დაცემას, რადგან გაფართოვდა  ჟურნალისტებისა და მედიების სია, რომლებსაც „უცხოეთის აგენტები“ ან „არასასურველი“ უწოდეს, თვითნებურად დააპატიმრეს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ევროპა-ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე დაბალი რეიტინგი ბელარუსს (167-ე ადგილი) და თურქმენეთს (175-ე ადგილი) აქვთ. ბელარუსში მთავრობა ჟურნალისტებს „ექსტრიმიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით დევნის, ხოლო თურქმენეთში პრეზიდენტს აქვს შეუზღუდავი ძალაუფლება და კრძალავს ყოველგვარ დამოუკიდებელ გაშუქებას.