რთულად წარმომიდგენია, რომ მოლაპარაკებები დღეს დასრულდეს | ვაშაძე

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის ოფისში შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იმართება.

შეხვედრაზე შესვლამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა მედიასთან მოლაპარაკებების პროცესზე კომენტარი გააკეთეს. შეხვედრას „ოცნებიდან“ ირაკლი კობახიძე ესწრება.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, მისთვის პრინციპულია, რომ ექვსივე საკითხი, რომელიც შარლ მიშელის მედიატორობით გამართულ შეხვედრაზე შედგა, აუცილებლად იყოს ფასილიტატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში.

„რა თქმა უნდა, დიდ ანგარიშს გავუწევ ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიციას, მაგრამ ყველასთვის ცნობილია ჩვენი პოზიციები. ყველა საკითხი უკლებლივ უნდა იყოს დოკუმენტში. ის საუბარი, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი ამოვარდება, ან პატიმრების საკითხები ამოვიდეს და სხვა საკითხებზე მოხდება შეთანხმება, ამის ერთპროცენტიანი შანსიც კი არ არის. ასე არ დგას საკითხი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, რთულად წარმოუდგენელია რომ ეს ბოლო შეხვედრა იყოს „ქართულ ოცნებასთან“.

„რთულად წარმომიდგენია, რომ ეს ბოლო შეხვედრა იყოს. როგორც ვიცი პირველად ვხვდებით „ქართულ ოცნებას“, თუ არიან ისინი ამ შეხვედრაზე. მე როგორც ვიცი, არიან. ეს იქნება პირველად მათთან ერთად შეხვედრა. რთულად წარმომიდგენია, რომ დასრულდეს, თუ დასრულდება ძალიან კარგი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.