დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ფეისბუქლაივში საზოგადოებისა და მედიის შეკითხვებს უპასუხა. საზოგადოებრივი მაუწყებლის შეკითხვა საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელს შეეხებოდა.
შეკითხვაზე, რატომ არის საქართველოში ლეტალობის მაჩვენებელი იმ ქვეყნებზე დაბალი, რომლებსაც მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობით ვუსწრებთ, ამირან გამყრელიძემ უპასუხა:
„რით ვხსნით? სამწუხაროდ, ისევ და ისევ ჩვენს თავში უნდა ჩავიხედოთ. ძალიან დიდი ნაწილი მოსახლეობის ისევ მსჯელობს იმაზე, რომ კორონავირუსის ინფექცია მოგონილია. რომ ის სურდოა და გადაიტან იოლად. ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, რომ ასე არაა. კორონავირუსმა მილიონ სამასი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენთან დღევანდელი დღით 632 ადამიანია გარდაცვლილი უკვე სამწუხაროდ. კი, საქართველოს მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. 0, 87% , მაგრამ მოგეხსენებათ, სიკვდილი პროცენტებში არ განისაზღვრება. თითოეული გარდაცვალება ოჯახის წევრებისთვის ტრაგედიაა.
რით ვხსნით ამას? ამ ეტაპამდე, მიუხედავად ძალიან რთული ეპიდსიტუაციისა ქვეყანაში, ჯანდაცვის სექტორი, ჯერჯერობით, უძლებს ამ გამოწვევას და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრეტენზია და საყვედურია, მაინც ვიტყოდით, რომ მძიმე ავადმყოფების მოვლა მიმდინარეობს. შესაბამისად, ადრეულ ეტაპზე ხდება დიაგნოსტირება და ადამიანების იზოლირება. ამ ეტაპამდე საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი დაბალია და ეს პირველ რიგში ჩემი კოლგების დამსახურებაა, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ რესურსები ამოუწურავი არაა ქვეყანაში“. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.