დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში მაქსიმალურად „გაიწელა“ შეკავების ფაზა, თუმცა მათი პროგნოზით შემთხვევები მოიმატებს, ყველაზე რთული პერიოდი – აპრილი და შესაძლოა, მაისის პირველი ნახევარი იყოს.
„ჩვენ არასოდეს დაგვიმალავს, რომ შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში გვექნება. ვთქვი ისიც, რომ შევდივართ პრეკრიზისულ, პრეკრიტიკულ პერიოდში. ისიც ვთქვი ათიოდე დღის წინ, რომ შევდივართ ამ სტადიაში. სამწუხაროდ, რთული და მძიმე იქნება ეს თვე და შესაძლოა, მაისის პირველი ნახევარიც. შემთხვევების ზრდა იქნება. შეკავების ფაზა საქართველოში მაქსიმალურად „გაიწელა“. ჩვენ შევაკავეთ მაქსიმალურად ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება, მოვიგეთ დრო და ჯანდაცვის სისტემა მოემზადა უფრო სერიოზულად.
მივყვებით იმ პროგნოზებს, რაც ჩვენი მოდელირებით არის. ამ კვირის ბოლოს, რა პროგნოზიც გვქონდა, იმაზე ოდნავ ნაკლებიც არის, ეს შემიძლია გითხრათ. ასევე ვაკეთებთ მომავალი კვირის შემთხვევების პროგნოზს. ამისთვის საჭიროა, რომ დავიცვათ რეგულაციები, რასაც მოითხოვს საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, თვითიზოლაცია. პირველი წესი არის სოციალური დისტანცირება და თუ შევასრულებთ ამ ყველაფერს, მაშინ ნაკლები დაზიანება შეიძლება იყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.