რთული იყო პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას - კობახიძე

პუბლიკა

დღეს ევროკავშირის ოფისთან მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა.

კობახიძის თქმით, დღევანდელი ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში რეგიონებში მომხდარი შემთხვევები არ ყოფილა სპონტანური პროვოკაცია და მათ უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.

„ამის მორიგი მაგალითი ვიხილეთ დღეს ნიკანორ მელიას შესრულებით, რომელიც არის უინტელექტო ხულიგანი პროვოკატორი და რომელიც თავის პოლიტიკურ შანსს პროვოკაციებში ხედავს.

სიმბოლურია, რომ ნიკანორ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე, ეს იყო დემონსტრაციული განაცხდი, რომ მელია არაფრად აგდებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და სრულიად შეგნებულად აღვივებს პოლარიზაციას მათი ოფისის წინ.

დღევანდელი პროვოკაციაც ადასტურებს, რომ ძალზედ რთულია, ასეთ  პროვოკაციებს პასუხი არ გასცე, ჩემთვისაც რთული იყო დღევანდელი პროვიკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს კრიმინალის მხრიდან. საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა“, – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე მოუწოდა პარტიის მხარდამჭერებს, წევრებსა და აქტივისტებს,  მოთმინებით მიუდგნენ ნებისმიერ ასეთ პროვიკაციას.

 

დღეს ევროკავშირის ოფისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, როდესაც მასთან მივიდა ენმ-ის ლიდერი და მერობის კანდიდატი ნიკა მელია და დმანისში მომხდარის გამო გააკრიტიკა.

„შე უნამუსო, მონა!“ – მიმართა ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძეს.

ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას შეაგინა და თქვა, რომ პროვოკაცია მოუწყვეს. „შენი დედას *** შე ნაბიჭვარო“ – მიმართა ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას.