რთულია იმის შემოწმება, მძღოლის გვერდით ოჯახის წევრი ზის თუ არა - ზახაშვილი ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვაზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ავტომანქანაში სხდომის შეზღუდვის წესი განმარტა. მისი თქმით, ზოგადად, რეკომენდებულია, რომ წინა სავარძელზე მხოლოდ მძღოლი იჯდეს, რომელსაც ოდნავ მაინც ჩაწეული ექნება ფანჯარა. რაც შეეხებათ ოჯახის წევრებს, ზახაშვილის თქმით, რეგულაცია ვრცელდება ყველაზე, რადგან რთულია იმის გაკონტროლება, მანქანაში ოჯახის წევრები სხედან თუ არა.

„რეკომენდებულია, რომ მგზავრები ისხდნენ უკანა სავარძელზე და არა მძღოლის გვერდით. ეს არის საერთაშორისო რეკომენდაცია, რომელიც არსებობს ბევრ ქვეყანაში. რეკომენდებულია, რომ მძღოლი იჯდეს ცალკე, დამოუკიდებლად და მასთან მცირედით იყოს ფანჯარა ჩაწეული, რაც იმ ტერიტორიის მაღალ აერაციას განაპირობებს და ჰაერის ცირკულაციის გაუუმჯობესებს.

რაც შეეხება ოჯახის წევრებს, რომ ისინი ისედაც ერთად არიან და რა განსხვავებაა ავტომანქანასა და სხვა დროს ერთად ყოფნას შორის: როგორ წარმოგიდგენიათ იმის შემოწმება, ავტომანქანაში მძღოლის გვერდით ზის მისი ოჯახის წევრი თუ სხვა ადამიანი. მოდით, ყველამ დავიცვათ წესები და არაფერი დაშავდება, თუ სხვა მგზავრები ისხდებიან უკანა სავარძელზე. ასე უფრო შემცირებულია რისკი“, – თქვა ზახაშვილმა.

კორონავირუსის გავრცელების გამო, მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციით, მსუბუქ ავტომანქანაში დაშვებულია მხოლოდ სამი ადამიანის ყოფნა, წინა სავარძელზე კი აუცილებელია, მხოლოდ მძღოლი იჯდეს.