აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ CBS-სთან ინტერვიუში უკრაინაში ომზე და მის გარშემო დონალდ ტრამპის გეგმებზე ისაუბრა.
რუბიო ამბობს, რომ კონფლიქტი, რომელიც რუსეთმა დაიწყო, „სტაბილურად“ უნდა დასრულდეს, რათა რამდენიმე წელში არ განახლდეს და მისი განცხადებით, ეს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნაწილი იქნება.
„პირობა, რომელიც პრეზიდენტმა [ტრამპმა] დადო, იქნება პრიორიტეტი. აშშ-ის ოფიციალური საგარეო პოლიტიკა იქნება, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს. ეს ჩიხია. ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო, თუმცა, ახლა ის არის ჩიხი, გაჭიანურებული სისხლიანი კონფლიქტი, რომელიც წარმოუდგენლად დამანგრეველია“.
„მე მაქვს არგუმენტები როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის, მაგრამ უკრაინა ყველაზე მაღალ ფასს იხდის მისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურით, დაღუპული ადამიანებით, მილიონი უკრაინელით, რომლებსაც თავიანთი ქვეყნის დატოვება მოუწიათ და საზღვარგარეთ ცხოვრობენ. კონფლიქტი უნდა დასრულდეს და აშშ-ის პოლიტიკა იქნება, რომ ჩვენ გვინდა მისი დასრულება და ამის ხელშეწყობისთვის ყველაფრის გაკეთება. გამოვიყენებთ ჩვენს ძალისხმევას, რომ ის დავასრულოთ სტაბილური გზით, ვგულისხმობ, არ გვინდა, რომ კონფლიქტი დავასრულოთ ისე, რომ ორ, სამ ან ოთხ წელში თავიდან დაიწყოს“.
„ჩვენ გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი მთელ მსოფლიოში და ვფიქრობ, დღეს ყველამ ძალიან ბედნიერმა უნდა გაიღვიძოს იმით, რომ 47-ე პრეზიდენტ ავირჩიეთ დონალდ ტრამპი, რომელსაც მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობა და კონფლიქტების დასრულება სურს“, — აცხადებს მარკო რუბიო.