ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, „სამშვიდობო წინადადების“ ავტორი შეერთებული შტატებია. ამის შესახებ რუბიო X-ზე წერს.
„ის [სამშვიდობო გეგმა] შეთავაზებულია, როგორც ძლიერი ჩარჩო მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის. ის ეფუძნება რუსული მხარის წინადადებებს, თუმცა, ასევე, ეფუძნება უკრაინის წინა და მიმდინარე წინადადებებსაც“, – დაწერა მარკო რუბიომ.
მანამდე, ამერიკელმა სენატორებმა განაცხადეს, რომ რუბიომ მათთან სატელეფონო საუბრისას უარყო, რომ 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ აშშ-ის მიერ შემუშავებული წინადადებაა.
რესპუბლიკელი სენატორის, მაიკ რაუნდსის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მათ უთხრა, რომ „ეს სამშვიდობო წინადადება აშშ-მა, როგორც შუამავალმა, ისე მიიღო და უკრაინას გადასცა“.
„მდივანმა რუბიომ შუადღეს დაგვირეკა და ჩემი აზრით, მან მკაფიოდ გვითხრა, რომ ჩვენ ვართ მიმღებები წინადადების, რომელიც ერთ-ერთ ჩვენს წარმომადგენელს მიუტანეს. ეს არ არის ჩვენი რეკომენდაცია, ჩვენი სამშვიდობო გეგმა. ეს არის წინადადება, რომელიც მივიღეთ და როგორც შუამავალმა. ჩვენ ის არ გაგვივრცელებია, ამის გაჟონვა მოხდა. ამის გასაჯაროება ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან არ მომხდარა”, – განაცხადა რაუნდსმა Halifax-ის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე.
ამასთან, დამოუკიდებელი სენატორის, ანგუს კინგის განცხადებით, მდივანმა რუბიომ მათ განუმარტა, რომ 28-პუნქტიანი გეგმა „არ არის ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია და ფაქტობრივად მხოლოდ რუსეთის სურვილების სიას წარმოადგენს“.
Axios-მა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ტრამპის სამშვიდობო გეგმის სრული ტექსტი გამოაქვეყნა.
გეგმას 28 პუნქტი აქვს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ფრონტის ხაზის გაყინვას უკრაინის არმიის შემცირებას და რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას.
გეგმისვე თანახმად, დონეცკის ოლქის იმ ადგილიდან, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, უკრაინამ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი და ეს ზონა ნეიტრალურ, დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონად ჩაითვლება, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული იქნება, როგორც რუსეთის შემადგენლობაში მყოფი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე თქვა, რომ ტერიტორიების დათმობას გამორიცხავს.
Axios-ის თანახმად, გეგმაში ნახსენებია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. თუმცა, არ არსებობს კონკრეტიკა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის არ უღალატებს უკრაინის ეროვნულ ინტერესებს და შეეცდება „კონსტრუქციულად“ ითანამშრომლოს აშშ-სთან შემოთავაზებული შეთანხმების შესწორების მიზნით, რათა რუსეთს არ შეეძლოს იმის მტკიცება, რომ კიევს მშვიდობა არ სურს – „მე წარმოვადგენ არგუმენტებს, დავარწმუნებ, შევთავაზებ ალტერნატივებს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ მივცემთ მტერს რაიმე საფუძველს იმის სათქმელად, რომ უკრაინას არ სურს მშვიდობა, რომ ის არღვევს პროცესს და რომ უკრაინა არ არის მზად დიპლომატიისთვის“.