რუბიომ 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს უმასპინძლა - საქართველო მიწვეული არ ყოფილა

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს უმასპინძლა, სადაც საქართველო მიწვეული არ ყოფილა.

სახელმწიფო დეპარტამენტი წერს:

„სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უმასპინძლა ტრანსატლანტიკურ ვახშამს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან და სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად.

სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას მშვიდობის შენარჩუნებისა და კეთილდღეობის მისაღწევად, NATO-ს წევრი ქვეყნების ისტორიულ ვალდებულებას, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები შეკავების გასაძლიერებლად და დიპლომატიური ჩართულობის მნიშვნელობას რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად.

სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას; ერთობლივ თანამშრომლობას ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის მისაღწევად, მათ შორის იმის უზრუნველყოფით, რომ ირანმა არასდროს შექმნას ან მიიღოს ბირთვული იარაღი; და პრეზიდენტის მიღწევას სომხეთისა და აზერბაიჯანის მდგრადი მშვიდობის გზაზე დაყენების საქმეში”.