აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მიაღწევენ ისინი პროგრესს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ.
მისი თქმით, მსგავსი შეხვედრის შესაძლებლობა განიხილა საუდის არაბეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან საუბრის დროს და რუსეთის ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ: „არ იქნება შეხვედრა, თუ არ გვეცოდინება, რას ეხება ის”.
„[ტრამპი-პუტინის შეხვედრა] მეტწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შევძლებთ პროგრესის მიღწევას უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა რუბიომ.
გასულ კვირას ტრამპმა თქვა, რომ ის პუტინს, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს შეხვდება – ამაზე რუბიო აღნიშნავს, რომ შეხვედრის ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, დაზუსტებული და გადაწყვეტილი არ არის. მისი თქმით, ტრამპს სურს იცოდეს, სერიოზულად უყურებს თუ არა რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს.
New York Times ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო პირად საუბრებში ევროპელ ლიდერებს ამშვიდებდა – მედია აღნიშნავს, რომ რუსულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, მარკო რუბიომ კრემლთან ურთიერთობის გადატვირთვაზე ისაუბრა და რუსეთთან პარტნიორობისთვის არსებულ „შესანიშნავ შესაძლებლობებზე” მიუთითა.
მათივე ცნობით, რამდენიმე საათში მან ევროპელ პარტნიორებთან პირად საუბრებში თქვა, რომ ეს შეხვედრა ამერიკული პოლიტიკისგან გადახვევას არ წარმოადგენდა და იყო პირველი ნაბიჯი პროცესში, ტესტი კრემლისთვის იმასთან დაკავშირებით, რამდენად სერიოზულად არიან განწყობილები შეთანხმების მისაღწევად – New York Times წერს, რომ ეს განცხადებები რუბიომ რამდენიმე ევროპელ დიპლომატთან გააკეთა.
„ბატონმა რუბიომ ევროპელებს უთხრა, რომ არა, ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს, რომ რუსეთთან ორმხრივი შეთანხმების პირობები ევროპასა და უკრაინას მოახვიოს თავს. მან თქვა, რომ არა, ადმინისტრაცია არ გააუქმეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ამერიკულ სანქციებს, თუ მოსკოვის ქცევაში არ იქნება შესამჩნევი ცვლილება, თუმცა მან დატოვა სივრცე იმ შესაძლებლობისთვის, რომ გარკვეულწილად შეამსუბუქოს გარკვეული სანქციები იმ შემთხვევაში, თუ რუსები გადადგამენ ნაბიჯებს, რასაც ადმინისტრაცია ითხოვს. დიახ, ბატონმა რუბიომ თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სრულად აცნობიერებს, რომ რუსეთი, შესაძლოა, ცდილობდეს ეს მოლაპარაკებები დასავლეთში განხეთქილების შემოტანის ან საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი იზოლაციის შესამსუბუქებლად გამოიყენოს”, – წერს New York Times.
მედიის ცნობით, დამატებითი კომენტარისთვის მიმართეს სახელმწიფო დეპარტამენტს, თუმცა მათ ამაზე განცხადება არ გაუკეთებიათ.