რუის-ურბნისის ეპარქია განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მღვდელმსახურის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„უკანასკნელ ხანს, საინფორმაციო საშუალებებით: ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით, აქტიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რუის-ურბნისის ეპარქიის შესახებ, თითქოს, ყინწვისის მამათა მონასტერში, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა მონასტრის „წინამძღვარმა“ დავით „აქიაშვილმა“.
ეპარქიის სახელით, გვსურს, ვაუწყოთ ფართო აუდიტორიას, რომ იღუმენი დავითი (კობაიძე) არასოდეს არ ყოფილა და არც დღეისათვის არ არის, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი. არამედ, იგი მონასტრის რიგითი წევრია; ხოლო ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არის ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი). გავრცელებული, ცრუ ინფორმაციის, ნებსითი თუ უნებლიე ცდომილებაა აგრეთვე ის, რომ იღუმენი დავითი, გვარად კობაიძეა და არა – აქიაშვილი,როგორც მას იხსენიებენ.
რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება, არამც თუ ყინწვისის ტერიტორიაზე, არამედ, რუის-ურბნისის ეპარქიაშიც არ მომხდარა.
სამწუხაროა, რომ დღეს, ზოგიერთი ჟურნალისტი, არაპროფესიულ, უპასუხისმგებლო, განცხადებებს აკეთებს და ზოგიც, ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
პროკურატურამ ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს ბრალდება 28 აპრილს წარუდგინდა. ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. შემთხვევის ადგილიდან ს.ჟ.-მ გარიდება შეძლო. სამართალდამცველებმა კ.კ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2020 წლის 27 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა.