რუმინეთი გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში იყვნენ - იოჰანისი

პუბლიკა

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციას. რუმინეთი, მისი თქმით, გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს რეალობად იქცეს.

„რუმინეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში. ევროკავშირის ამ პარტნიორთა ადგილი ევროპულ ოჯახშია და რუმინეთი გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს რეალობად იქცეს“, – წერს Twitter-ზე რუმინეთის პრეზიდენტი.

რუსეთთან ომის პირობებში გუშინ უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა. წუხელვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტის ფრაქციები შეთანხმდნენ, დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირონ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. თუმცა, ამ მხარდაჭერას სავალდებულო ხასიათი არ ექნება და გადაწყვეტილება კავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად უნდა მიიღონ.