გიორგი რურუა ამ შეთანხმებაში ნახსენები არ არის, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა. 8 მარტის შეთანხმებამდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყების ფასილიტაციაში ევროკავშირის წარომადგენლობა და დიპლომატიურმა კორპუსი ჩაერთო. გერმანიის ელჩი საქართველოში ერთ-ერთი მათგანი იყო. გერმანიის ელჩის კომენტარის ამ ნაწილს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„ბატონი რურუა არ არის ნახსენები ამ შეთანხმებაში. ეს არის ძალიან მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა. ცოტათი გაკვირვებული ვარ, რომ ეს ახლა არის განხილვის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის.
ოპოზიცია აცხადებს, თუკი საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება პარლამენტში, უმრავლესობის პარტია იქნება დამნაშავე ამაში, უმრავლესობა კი, რა თქმა უნდა, აცხადებს, რომ თუ ის ჩავარდება, ის ჩავარდება იმიტომ, რომ თქვენ არ მიიღეთ მონაწილეობა კენჭისყრაში.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქმე არ ეხება დადანაშაულებას, არამედ დამსახურებასა და შექებას. თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდება და ვიმედოვნებ, რომ ეს ასე მოხდება, მაშინ შექებას დაიმსახურებენ ისინი, ვინც მას მხარი დაუჭირა პარლამენტში“, – ელჩის კომენტარის ამ თარგმანს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.
ჰუბერტ ქნირში ასევე ამბობს, რომ ორშაბათი, [როცა საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს და საბოლოოდ გადაწყდება, შეიცვლება თუ არა საქართველოს საარჩევნო სისტემა], შეთანხმების შესასრულებლად გადამწყვეტი დღე იქნება.
8 მარტის შეთანხმების გარშემო დამაზუსტებელ კითხვებზე გერმანიის ელჩის პასუხები გამოცემა „ნეტგაზეთმა“ გაავრცელა.
გამოცემა „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, მათ მიერ დასმულ დამაზუსტებელ კითხვაზე, საჯაროდ გავრცელებული განცხადების გარდა, იყო თუ არა შეთანხმება ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ, და თუ ეს ასე არ იყო, რითი აიხსნება ამ სამიდან ორი პირის გათავისუფლება [შეწყალება], ელჩმა განაცხადა:
„როგორც ფასილიტატორები და დიპლომატები, გვსურს, ძალიან პატივისცემით მოვეპყრათ ყველა პოლიტიკურ პარტიას და არ გვსურს, მათთან კამათში შევიდეთ. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ყოველი პოლიტიკური ძალა თუ პარტია საკუთარ ინტერპრეტაციას ახდენს და ამბობს რაიმეს ამ შეთანხმების შესახებ. ჩვენ ეს საკითხი საქართველოს ხალხს უნდა დავუტოვოთ გადასაწყვეტად. თუ ერთი ადამიანი ამბობს „დიახ“, მეორე „არა“, ეს შეთანხმებაა თუ შეუთანხმებლობა“.
„ნეტგაზეთი“ წერს, რომ ელჩს ჰკითხეს, ასეთ შემთხვევაში ხომ არ გამოდის უცნაური ის გარემოება, რომ დასახელებული სამი პირიდან ორი თავისუფალია, რაზეც ელჩმა უპასუხა: „ეს კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ პრეზიდენტს. მე არ მაქვს ვალდებულება, ავხსნა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება“.
„ჩვენს მორიგ დამაზუსტებელ კითხვაზე აღნიშნული სამი პირის შეთანხმებაში გათვალისწინების საკითხზე, — ასევე კითხვაზე, რის გამო მიესალმნენ ისინი უგულავას და ოქრუაშვილის გამოშვებას, — ელჩმა გვიპასუხა: „რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების, პოლიტიკური დიალოგის დროს, 8 მარტამდე, ყველა ეს სახელი ნახსენები იყო. ისინი იყვნენ ნაწილი იმ შეშფოთებისა, რასაც ოპოზიციური პარტიები გამოთქვამდნენ. სამართლიანი იქნება ითქვას, რომ შეწყალება, — მოდით, ნუ დავუძახებთ ამას გათავისუფლებას, — არის ის, რაც შეიძლება კანონიერად მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში. [ეს შეწყალება] იყო პოლიტიკურ პარტიებს შორის დაძაბულობის შემცირებაში წვლილის შეტანის მცდელობა. ეს ასე დავინახეთ და ასე მიველსალმეთ“, – წერს გამოცემა „ნეტგაზეთი“.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.
ოპოზიციის მტკიცებით, შეთანხმებას ჰქონდა მეორე ნაწილი, რომლის მიხედვით, ხელისუფლებამ, ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას გათავისუფლების პირობა დადო. ხელისუფლება კი ამბობს, რომ მსგავსი ვალდებულება არ აუღია.
15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა ოქრუაშვილი და უგულავა შეიწყალა, გიორგი რურუა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს, ამ დრომდე საპატიმროშია.
როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვასა და კენჭისყრაში ენმ და „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას არ მიიღებს, თუ რურუა საპატიმროს არ დატოვებს.