„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალებაზე უარი თქვა. ამის შესახებ აკაკი მინაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„დიახ, როცა შეხვედრა დაიწყო და დავინახეთ „ოცნების“ დამოკიდებულება, რომ წინააღმდეგი იყო პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლების, ერთ-ერთ ვერსიად შემოთავაზებული იყო, მედიატორების მხრიდან, შეწყალება, თუმცა მალე გაირკვა, რომ სალომე ზურაბიშვილი ამის წინააღმდეგი იყო. სამი დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს მედიატორი. მე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და ვხვდებოდი, რომ ივანიშვილის სახით სალომე ზურაბიშვილი ამას არ დასთანხმდებოდა.“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
იგივე ინფორმაცია ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში დაადასტურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
გუშინ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკების მაგიდაზე 5 პუნქტი განიხილებოდა და ერთ-ერთი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს შეეხებოდა.
ნიკა მელიას გათავისუფლების ნაწილში, „ოცნების“ ინფორმაციით, მმართველი პარტია თანახმა იყო,გირაოს გადახდის შემდეგ პარლამენტს დაეწყო მსჯელობა 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულთა ამნისტიის პროექტზე. რურუას გათავისუფლებაზე „ოცნებას“ არაფერი არ უთქვამს.
ოპოზიციის თქმით, მედიატორთა მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე სწორედ იმიტომ არ მოაწერეს ხელი, რომ ორი პრინციპული საკითხი – პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების – არ გვარდებოდა შეთანხმების დოკუმენტით.