საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ N 8 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე პატიმრებს – პ.ნ-ს, ნ.ო.-ს და გ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა.
როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში, პატიმრებმა ბრალდებულმა პ.ნ-მ, მსჯავრდებულმა გ.ჯ.-მ და ბრალდებულმა ნ.ო.-მ. ჯგუფური ძალადობის გზით მსჯავრდებულ გიორგი რურუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„პროკურატურამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად) 2020 წლის 6 ნოემბერს წარუდგინა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, “- ამბობენ პროკურატურაში.
2 ნოემბერს, გიორგი რურუას ციხეში თავს დაესხნენ. მიაყენეს დაზიანებები, სახეზე აღენიშნება სისხლნაჟღენთები. მას თავს რამდენიმე ადამიანი დაესახა. იმ დღესვე, პენიტენციური სამსახურმა რურუაზე თავდასხმის კადრები გაავრცელა.
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.
რურუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ, პოლიტიკური დევნის საფუძველზე, მას იარაღი ჩაუდეს.