სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, N8 პენიტენციური დაწესებულების 5 პატიმარი, რომლებიც მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გიორგი რურუას წინააღმდეგ ინციდენტში მონაწილეობდნენ, 3 ნოემბერს მკაცრი რეჟიმის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვნეს.
უწყებსი ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, ინციდენტში მონაწილეობის გამო, მათ რეჟიმი გაუმკაცრდათ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის 2 ნოემბერს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუას წინააღმდეგ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად). უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა როგორც გიორგი რურუა, ასევე ყველა შესაბამისი პატიმარი და ინსპექტორი.
2 ნოემბერს, გიორგი რურუას ციხეში თავს დაესხნენ. მიაყენეს დაზიანებები, სახეზე აღენიშნება სისხლნაჟღენთები. მას თავს რამდენიმე ადამიანი დაესახა. იმ დღესვე, პენიტენციური სამსახურმა რურუაზე თავდასხმის კადრები გაავრცელა.
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.
რურუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ, პოლიტიკური დევნის საფუძველზე, მას იარაღი ჩაუდეს.