რუს ბლოგერს მე-12 დღეა საქართველოში არ უშვებენ და ის ნეიტრალურ ზონაში იმყოფება

პუბლიკა

რუსი ბლოგერი ინსა ოღუზი მე-12 დღეა, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ნეიტრალურ ზონაში იმყოფება.

ფონდი „თავისუფალი რუსეთის“ ხელმძღვანელმა, იგორ კურაპეტოვმა facebook-ზე დაწერა, რომ პოლონეთის საელჩომ საქართველოში ოფიციალურად მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობითი გარანტიით, რომ პოლონეთის საელჩო ინსე ოღუზს მისცემს ვიზას, თუ საქართველო მას ქვეყანაში შემოსვლის უფლებას მისცემს. 

როგორც კურაპეტოვი წერს, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.

„რატომ არ უნდა შემოუშვან ადამიანი ქვეყანაში, რომელიც დაუყოვნებლივ მიიღებს შენგენის ვიზას და დატოვებს ქვეყანას?“, – წერს ის.

„პუბლიკა“ პოლონეთის საელჩოს წერილთან და ოღუზის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა მათ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.

16 ივნისს მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ რუს ბლოგერს, ინსა ოღუზს საქართველოში არ უშვებენ და ის ნეიტრალურ ზონაში იმყოფება.

კურაპეტოვმა მაშინ განაცხადა, რომ ოღუზმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.  ბლოგერს რუსეთში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, თუმცა მედია და უფლებადამცველები ინსას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

„მან რუსეთის საზღვარი გადმოკვეთა, მაგრამ საქართველომ აღარ შემოუშვა. ამის შემდეგ მან კვლავ სცადა გადაკვეთა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. რუსეთში მას ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით აქვს ბრალდება წაყენებული. ბრალდება ეფუძნება ინსას მიმოწერას Vkontakte-ზე, 2014 წელს. მედია და უფლებადამცველები ინსას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ“, – განაცხადა იგორ კურაპეტოვმა.

მოგვიანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ინსა ოღუზი ბრალდებულია ისეთ მძიმე საერთაშორისო დანაშაულში, როგორიცაა, ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, ამიტომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით ეთქვა.