რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მოსკოვის სასამართლომ 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

მოსკოვის სასამართლომ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ილია იაშინს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაცია თავად სასამართლომ გაავრცელა.

ილია იაშინი თავს უდანაშაულოდ გრძნობს და ამბობს, რომ ეს მის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ზეწოლაა. იაშინმა სასამართლო სხდომისას განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს, ქვეყნის დატოვება აიძულოს.

„მე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვარ, დამოუკიდებელი დეპუტატი და პუტინის კრიტიკოსი, უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე. ეს დაკავება ჩემზე ზეწოლის ერთ-ერთი გზაა.

მინდა ოფიციალურად განვაცხადო: პირველი – ეს საქმე ჩემს წინააღმდეგ ფაბრიკაციაა, მე უდანაშაულო ვარ; მეორე – უკრაინასთან ომი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს; მესამე – პუტინი უნდა წავიდეს; მეოთხე – რუსეთი უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა ილია იაშინმა.