რუს სამხედროს უკრაინის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

პუბლიკა

ომის დანაშაულის პირველ საქმეზე უკრაინის სასამართლომ რუს სამხედროს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

სერჟანტი ვადიმ შიშიმარინი დამნაშავედ 62 წლის ოლექსანდრ შელიპოვის მკველობისთვის ცნეს. თავად სამხედრომ აღიარა დანაშაული, რომელიც 28 თებერვალს ჩაიდინა, პატიება სთხოვა მოკლულის ოჯახს, მაგრამ თქვა, რომ ის მხოლოდ ბრძანებას ასრულებდა და შეუსრულებლობის შემთხვევაში თავად მას დასჯიდნენ.

მოსკოვი ამ დრომდე უარყოფს რუსული არმიის მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანმიმართულ ხოცვას. უკრაინის ხელისუფლებამ კი უკვე 11 000-ზე მეტი დანაშაული აღრიცხა.

ვადიმ შიშიმარინი პირველი პირია, რომელიც უკრაინის სასამართლომ ომის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის გაასამართლა.