„ეს კამპანია გადაიზარდა ქსენოფობიაში“, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, ქვეყანაში რუსი ტურისტების დიდი რაოდენობით შემოსვლისა და რუსული კომპანიების დარეგისტრირებაზე.
მისი თქმით, ბოლო წლებში არაფერი შეცვლილა რუსი ტურისტების რაოდენობის მხრივ, პანდემიის პერიოდთან შედარება კი არარელევანტურია, რადგან ამ დროს საერთოდ არ ხდებოდა გადაადგილება მსოფლიოში.
„არაფერი არ შეცვლილა არც რაოდენობაში შემოსვლის კუთხით და არც ვიზებთან დაკავშირებით, არაფერი შეცვლილა ბოლო წლებთან შედარებით. იცით, რომ 2020-2021 წლებთან შედარება რომ ხდება, ეს არარელევანტურია. იმ დროს პანდემია იყო და საერთოდ სხვანაირად ხდებოდა გადაადგილება მსოფლიოში. რაც შეეხება რაოდენობას – არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“, – თქვა მან.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე კამპანია გადაიზარდა ქსენოფობიაში. მისი თქმით, ქვეყანაში შემოდიან ძირითადად ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავალი და ისინი შემოვიდნენ ქვეყანაში, რადგან სურთ სტაბილურობა და დემოკრატია.
„რაც შეეხება კამპანიას, მარტშიც იყო ასეთი კამპანია. ეს კამპანია გადაიზარდა ქსენოფობიაში, გადაიზარდა იმაში, რომ შუა ჭავჭავაძეზე რუს მოქალაქეს ქვა ესროლა ვიღაცამ და ამ ქსენოფობიას ახალისებს ეს კამპანია და მიკვირს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ამაში ჩართული არიან ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, აღვივებენ ქსენოფობიას. კვლევებიც არსებობს, თუ ვსაუბრობთ იმაზე, რა ჯგუფები შემოდიან რუსეთიდან, ესენი არიან ძირითადად ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავლები. IT სფეროდან, კულტურის სფეროდან, მენეჯმენტის სფეროდან, ეს არის საშუალო ფენა, რომელიც წამოვიდა რუსეთიდან იმიტომ, რომ სურთ სტაბილურობა, დემოკრატია, თავისუფლება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.