რუსები დაედევნენ, დააკავეს და აფხაზეთში დააბრუნეს | ხურჩის მცხოვრებნი გუშინდელ ინცინდენტზე

პუბლიკა

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა წუხელ საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს, მოქალაქეებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაედევნენ, დააკავეს და აფხაზეთში დააბრუნეს, – ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულა” სოფელ ხურჩაში მცხოვრებ მოსახლეობაზე დაყრდნობით აცხადებს.

როგორც ჟურნალისტი ჰყება, გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ხურჩის მოსაზღვრე პერიმეტრიდან ცდილობდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 18 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურჩის მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე.

ადგილობრივების თქმით, მათგან 2 ქალი, ერთი კი კაცი იყო.

„ქალები რომ ყვიროდნენ. გავიგონეთ და მერე შევამჩნიეთ, რომ რუსი მისდევდა იქიდან გადმოსულებს. ქალებმა რომ დაინახეს, რომ ჩვენც შევამჩნიეთ, სადმე დარეკეთ, რომ გვიშველონო. 2 ქალი გადმოდიოდა, რუსებიდან მთლიანობაში 8 სამხედრო იყო. მამაკაცს დაეწივნენ 300 მეტრში, ეტყობა დაიმალა და ძაღლმა მიაგნო. აქედან მესმოდა, ბრძანებას რომ აძლევდნენ, აუშვიო. თვითმხილველი ბიჭი ხმაურზე რომ გამოვიდა, იმან ნახა, რომ ძაღლი ზედ ედგა თურმე და ესენი ქუსლებს ურტყამდნენ. სცემეს, აქეთ რომ გამოიყვანეს, სერიოზულად ნაცემი ეტყობოდა”, – აცხადებს ხურჩის მცხოვრები ელისო შამათავა „ფორმულასთან”.

„გადმოკვეთეს, ე.წ. საზღვარი და 100 მეტრის აქეთ ის ბიჭი დაიჭირეს, ქალები მაღაზიებთან დაიჭირეს, დაახლოებით ნახევარი კილომეტრით შემოვიდენენ აქეთ… 4 ძაღლი მოყჰავდათ, დაიჭირეს დააგდეს, სცემეს”, – ამბობს ადგილობრივი პარმენ გელენავა.

როგორც სუს-ის მიერ გუშინ განვრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმა ცხელი ხაზით დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები 3 პირის უკანონო დაკავების ფაქტი, ასევე ცხელი ხაზით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშული პირები უკანონო პატიმრობაში აღარ იმყოფებიან.