უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსების მცდელობები გაერღვიათ ფრონტის ხაზი ლუჰანსკსა და დონეცკში კვლავ უშედეგო იყო.
„ლიმანის, სევეროდონეცკისა და პოპასნას არეალები – მტრის დანაყოფები ცდილობენ შეტევით ოპერაციებს, წარმატება არ აქვთ“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.
უკრაინის გენშტაბის მტკიცებით, რუსეთის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის 38 ცალკეული მოტორიზებული ბატალიონის წევრებმა მძიმე დანაკარგების შემდეგ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ასევე, რუსები გასული 24 საათის განმავლობაში კვლავ აქტიურად ბომბავდნენ უკრაინულ დასახლებებს რაკეტებითა და არტილერიით. კრამატორსკში 6 ადამიანი დაშავდა, დაინგრა სკოლა და საბავშვო ბაღი.
რუსებმა ვერ შეძლეს უპირატესობის მოპოვება ვერც სამხრეთის მიმართულებით. ზაპოროჟიას ფრონტზე ბრძოლა კვლავ ჰულიაიპოლეს მისადგომებთან და საკონტაქტო ხაზის გასწვრივ მიმდინარეობს. დასახლება უკვე ორი კვირაა აქტიურად იბომბება, რუსებს იქ ბატალიონის 13 ტაქტიკური ჯგუფი ჰყავთ მობილიზებული. თუმცა, მათ ქალაქის დაკავება ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს.
მიკოლაივის მიმართულებით კი პირიქით, უკრაინული მხარის მტკიცებით, მათ შეუტიეს რუსულ პოზიციებს და გარკვეული დასახლებების დაბრუნება შეძლეს მიკოლაივისა და ხერსონის რეგიონების საზღვარზე.