უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ რუსები ოკუპირებულ ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტული აქტის მოწყობას განიხილავენ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ატომური სადგურიდან რადიაციის გაჟონვის მოსაწყობად ოკუპანტებს ყველაფერი მზად აქვთ.
„ახლახანს ჩავიბარე მოხსენება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან. სპეცსამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ რუსები განიხილავენ ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტული აქტის მოწყობას, რამაც რადიაციის გაჟონვა უნდა გამოიწვიოს. მათ ამისთვის უკვე ყველაფერი მზად აქვთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკის განცხადებით, ისინი სრულ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს გადასცემენ პარტნიორებს ყველგან – ამერიკაში, ევროპაში, არაბულ სამყაროში, აფრიკაში, გადასცემენ ინფორმაციას ინდოეთსა და ჩინეთსაც.
ზელენსკის მიმართვამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ატომური ელექტროსადგურის გაგრილების სისტემა დანაღმეს და არსებობს აფეთქების ან გარკვეული ინციდენტის საფრთხე.