რუსების მოხსნა პარალიმპიადიდან ადამიანის უფლებების ცინიკური დარღვევაა - პუტინი

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მოხსნა პეკინის პარალიმპიური თამაშებიდან სპორტული წესების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა.

მისი თქმით, სპორტსმენები მხოლოდ პოლიტიკური მიზნების გამო მოკვეთეს შეჯიბრებებიდან. კომერციალიზაცია კი ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების დეგრადირებაზე მიუთითებს.

ამის შესახებ პუტინმა 26 აპრილს სპორტსმენებთან შეხვედრისას ისაუბრა.

„თქვენ ემზადებოდით, წარმოგეჩინათ თქვენი შესაძლებლობები პეკინის თამაშებზე ღია, სამართლიან ბრძოლაში,  რათა დაგემტკიცებინათ, რომ ყველაზე ძლიერები ხართ.

ახლა კი რაც ხდება, კრიტიკას ვერ უძლებს. პარალამიპიადიდან რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მოხსნა არამხოლოდ სპორტის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაა, არამედ ეს არის ადამიანის საბაზისო უფლებების აშკარა, ცინიკური დარღვევა“, – მიმართა პუტინმა პარალიმპიელებს.

რუსი და ბელარუსი პარალიმპიელი სპორტსმენები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოხსნეს პეკინის თამაშებიდან. რუსული აგრესიის შემდეგ, რომელიც უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო, სხვადასხვა სახის სანქცია შეეხოთ რუსულ სახელმწიფო და კერძო კომპანიებს, პოლიტიკოსებს, სამხედრო პირებს, პროკრემლისტ ჟურნალისტებს, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებს.