„რუსების სისასტიკე ბოროდიანკაში“ | რას ჰყვებიან ადგილობრივები

პუბლიკა

კიევიდან 40 კილომეტრში კიდევ ერთი ქალაქი ბოროდიანკა გათავისუფლდა რუსული სამხედრო ძალებისგან. უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ დაახლოებით 200 ადამიანი რუსული დაბომბვის შედეგად ცოცხლად დაიმარხა სარდაფებში.

მარტის დასაწყისში რუსულმა თვითმფრინავებმა ქალაქში 500-კილოგრამიანი ბომბი ჩამოაგდეს. დაინგრა დაახლოებით 10 მაღალსართულიანი სახლი. თავდასხმის დროს ამ სახლების მცხოვრებლები სარდაფებში იმალებოდნენ.

ბოროდიანკა 1 აპრილს დატოვეს რუსებმა, რის შემდეგაც უკრაინულმა ძალებმა ქალაქში განაღმვითი სამუშაოები დაიწყეს. The Kyiv Independent წერს, რომ განაღმვითი სამუშაოების შედეგად 5 აპრილისთვის რუსების მიერ დატოვებული ასაფეთქებელი საშუალებებით 3 ავტომანქანა გაივსო.

განაღმვითი სამუშაოების შემდეგ ქალაქში ცხედრების ძებნა დაიწყეს.

როგორც The Kyiv Independent წერს, ბოროდიანკაში, ბუჩისგან განსხვავებით, მოქალაქეებს რუსი სამხედროები წამებით არ ხოცავდნენ, მაგრამ მშვიდობიანი მოქალაქეები ბომბებს ემსხვერპლენ.

ფოტო: ილია რუსაჩკოვი

რუსი ჯარისკაცები ბოროდიანკაში ოჯახებს ძარცვავდნენ. წაიღეს ყველაფერი – ძვირფასი ნივთები და არა მხოლოდ:

„ნახატები, სკამები, საბავშვო ეტლები, სააღდგომო კალათებიც კი. წაიღეს ჩაიდნები, ნიჩბები, ცულები, მათ ყველაფერი წაიღეს“, – ამბობს ზოია ჩხეიძე, რომელიც ბოროდიანკიდან 25 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ლეონივკაში ცხოვრობს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ რუსები მათ სოფლის დატოვების უფლებას მხოლოდ ფულის სანაცვლოდ აძლევდნენ – 1000 დოლარს მოითხოვდნენ ერთი მანქანის გასვლის სანაცვლოდ.

სოფლებში ანდრიივკაში, შიბენესა და კატიჟანკაში მცხოვრები ადამიანების კი ამბობენ, რომ რუსებმა ამ სოფლებში ბევრი ადამიანი დახვრიტეს, ბევრი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

რუსებმა ესროლეს მანქანას, რომელიც თეთრი დროშით სოფელ კატიჟანკიდან გაქცევას ცდილობდა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, სამი ადამიანი დაიღუპა, მხოლოდ 14 წლის გოგო გადარჩა.

„მან როგორღაც მოახერხა მანქანიდან გადახტომა და როდესაც გარბოდა, რუსები ესროდნენ ამ ბავშვს“, – განუცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა The Kyiv Independent-ს.

ფოტო: ილია რუსაჩკოვ

ადგილობრივმა ეპისკოპოსმა და ერთმა ოჯახმა გადარჩენილ გოგონას უპატრონეს. პირველადი დახმარება გაუწიეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა, რადგან ხელში ტყვიით იყო დაჭრილი.

„მან დაინახა, როგორ აფეთქდნენ მამა და სხვა ადამიანები მის თვალწინ. ეს მთელი ცხოვრების ტრამვა იქნება ანასთვის“, – უთხრა ადგილობრივმა გამოცემას.