რუსებმა „აზოვსტალზე“ შეტევა განაახლეს - არესტოვიჩი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის ინფორმაციით, რუსებმა „აზოვსტალზე“ შეტევა განაახლეს.

UNIAN-ის ცნობით, არესტოვიჩმა განაცხადა: „მტერი ცდილობს, ჩაახშოს მარიუპოლის დამცველების უკანასკნელი წინააღმდეგობა აზოვსტალის რაიონში და განაახლა საჰაერო დარტყმები ქარხნის ტერიტორიაზე, ჩვენი ჯარების თავდაცვით არეალზე“.

21 აპრილის მონაცემით, აზოვსტალში 1000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი სამხედროა.

22 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არიან, მშვიდობიან მოსახლეობას „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის დატოვების საშუალება მისცენ, თუ უკრაინელი სამხედროები ჩაბარდებიან.

21 აპრილს, რუსული პროსახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი დღეს თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შეხვდა და უბრძანა, რომ „აზოვსტალზე“ შტურმი შეწყვიტონ.

„მიმაჩნია, რომ შემოთავაზებული შტურმი ინდუსტრიულ ზონაზე არამიზნობრივია. ვბრძანებ მის გაუქმებას“, – უბრძანა პუტინმა შოიგუს. „მიღებულია!“ – უპასუხა პრეზიდენტს თავდაცვის მინისტრმა.

თავის გადაწყვეტილებას პუტინი რუსი სამხედროების სიცოცხლეზე ზრუნვით ხსნის. მისი თქმით, საჭირო აღარაა მიწისქვეშ ბრძოლის გადატანა და საკმარისი იქნება ამ სივრცის ბლოკადაში დატოვება.