რუსებმა ჩერნობილი დატოვეს, სამხედროებმა რადიაციის საშიში დოზა მიიღეს - ენერგოატომი

პუბლიკა

უკრაინის ატომური ელექტროსადგურების სახელმწიფო კომპანია ენერგოატომი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია დატოვეს და ბელარუსში გადავიდნენ.

რუსებმა თან წაიყვანეს სადგურის აღებისას დატყვევებული უკრაინის ეროვნული გვარდიის წევრები. ინფორმაციას ადასტურებს როგორც ეროვნული გვარდია, ისე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დირექტორი ვალერი სეიდა.

ასევე, სეიდას თქმით, რუსმა ჯარისკაცებმა თან წაიღეს სადგურის ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვადასხვა აღჭურვილობა. თუმცა, თავად სადგური შეუფერხებლად ფუნქციონირებს. ჩერნობილის ზონის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ რუსებმა თან წაიღეს ელექტრო და საყოფაცხოვრებო ნივთებიც, მათ შორის, კომპიუტერები, ყავის აპარატები და ჩაიდნები, გაძარცვეს სადგურის მახლობლად არსებული სასტუმროც.

ამასთან, ჩერნობილის ზონაზე პასუხისმგებელ უწყებებში აცხადებენ, რომ ჩერნობილის ზონაში რუსმა ჯარისკაცებმა დიდი ოდენობით რადიაციული დასხივება მიიღეს. მათ აკრძალულ ზონაში მოაწყვეს საფარი, შეიყვანეს ჯავშანტექნიკა და გათხარეს სანგრები, რამაც ნიადაგი დააზიანა, ჯარისკაცებმა კი მომწამვლელი მტვერი ჩაყლაპეს. რაც დიდ რისკებს აჩენს რუსი სამხედროების ჯანმრთელობის გაუარესების თვალსაზრისით.

რაც შეეხება რუსების მიერ ჩერნობილის ზონისთვის მიყენებულ ზიანს, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენს დანარჩენი უკრაინისთვის, მაგრამ ჩერნობილის ზონაში გარკვეული სამუშაოების ჩატარება იქნება საჭირო. ახლანდელი გათვლებით, ზიანი ზაფხულისთვის ბოლომდე აღმოიფხვრება.