რუსებმა დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქები დაბომბეს, დაიღუპა 10-მდე მოქალაქე - უკრაინა

პუბლიკა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დნეპროპეტროვსკისა და დონეცკის ოლქებში სამოქალაქო ობიექტები კიდევ ერთხელ დაბომბეს.

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, რუსული არმიის დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 9 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ბავშვიცაა.

რეზნიჩენკოს თქმით, დნეპროპეტროვსკის ოლქში, წუხელ ნიკოპოლის მიმართულებით რუსებმა „გრადებიდან“ 120 რაკეტა ისროლეს. დაბომბვის შედეგად ქალაქში 40-ზე მეტი მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა, 5 საცხოვრებელი კი დაინგრა. დაზიანებულია სკოლები და მაღაზიებიც, ასევე ელექტროგაყვანილობის ქსელი, რის გამოც 6 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

დონეცკის ოლქში კი რუსებმა ქალაქი ბახმუტი დაბომბეს, რომლის აღებასაც საოკუპაციო ძალები ბოლო ერთი თვეა უშედეგოდ ცდილობენ.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს თქმით, ბახმუტში დაბომბვისას 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. პირველადი მონაცემებით, დაზიანდა 12 სახლი.