რუსებმა კახოვკის ჰესის კაშხალი ააფეთქეს - კიევი

პუბლიკა

ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა. კაშხალი ათობით მეტრის სიგანეზე ჩამოინგრა. კიევში აცხადებენ, რომ კაშხალი რუსმა სამხედროებმა ააფეთქეს.

მოსალოდნელია, რომ კაშხლის ჩამონგრევის შედეგად წყალი არაერთ დასახლებას დატბორავს. ხერსონის ოლქის ნაწილიდან უკრაინის ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, მათ შორის, თავად ქალაქ ხერსონის ნაწილიდან. ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, წყლის დონე კრიტიკულ ზღვარს დაახლოებით 5 საათში მიაღწევს. უკრაინის კონტროლირებად ნაწილში მობილიზებულნი არიან მაშველები და ეროვნული პოლიცია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კახოვკის მცხოვრები, რომელმაც უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა შეძლო, იხსენებს, რომ კაშხალზე მხოლოდ ერთი აფეთქების ხმა გაისმა, რის შემდეგაც ნაგებობა „ქაღალდის სახლივით ჩამოიშალა“.

კაშხლის აფეთქების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა,  ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა აფეთექებას ეკოციდი უწოდა.

„რუსები აგებენ პასუხს ხერსონის სამხრეთ ნაწილისა და ყირიმის მოსახლეობის უწყლოდ დარჩენის, ასევე ზოგიერთი დასახლებისა და ბიოსფეროს სავარაუდო განადგურების გამო“, – წერს ერმაკი და იმედოვნებს, რომ დამნაშავეები ამისთვის საერთაშორისო დონეზე აგებენ პასუხს.

რუსულ მედიაში კი აცხადებენ, რომ რუსები წუხელ იმ მიმართულებით არ გადასულან შეტევაზე და კაშხალი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი საყრდენის დაზიანების გამო ჩამოინგრა.