უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, რუსეთმა ოკუპირებულ დონეცკის ოლქში ოლენივკას იზოლატორი დაბომბა, სადაც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ.
თავდაპირველად, ოლენივკას დაბომბვის შესახებ ინფორმაცია რუსულმა პროკრემლისტურმა მედიამ გაავრცელა და უკრაინა დაადანაშაულა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, დაიღუპა 53 ტყვე და 75 დაშავდა. რუსული მედია ამტკიცებდა, რომ ტყვეები „აღიარებითი ჩვენებისთვის“ ემზადებოდნენ.
უკრაინის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ იზოლატორი რუსეთის არმიამ დაბომბა, რითიც უკრაინას ომის დანაშაული დააბრალეს და ტყვეების წამების კვალის დაფარვაც სცადეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი იყენებენ ზუსტი დამიზნების იარაღს და იერიში მხოლოდ რუსულ სამხედრო ობიექტებზე მიაქვთ. შესაბამისად, გამორიცხავენ, რომ დაებომბათ სამოქალაქო ობიექტი, მით უმეტეს, ადგილი, სადაც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ.
როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, არსებობს მტკიცებულები, რომ ოლენივკა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაიბომბა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ „დაგმონ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და გამოაცხადონ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ“.