რუსებმა სევეროდონეცკისკენ BMP-T Terminator-ის ერთადერთი ჯგუფიც გადაისროლეს - ბრიტანეთის დაზვერვა

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსებს უახლოეს მომავალში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზნად დონბასში სევეროდონეცკის აღება აქვთ დასახული. რუსული არმია ქალაქის აღებას ბოლო კვირებია ცდილობს და მიუხედავად იმისა, რომ სევეროდონეცკის გარეუბნებამდე მიაღწიეს, ჯერჯერობით მის დაკავებას ვერ ახერხებენ.

ამიტომ, როგორც ბრიტანული უწყება წერს, რუსებმა სევეროდონეცკის მიმართულებით გადაისროლეს თავიანთი BMP-T Terminator-ის ერთადერთი მოქმედი ჯგუფი. BMP-T Terminator, რომელიც ტანკების მხარდამჭერს ჯავშანმანქანას წარმოადგენს, ურბანული ბრძოლისთვისაა გამიზნული. რუსებმა მათზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსულ სატანკო ნაწილებს პრობლემები შეექმნათ ავღანეთისა და ჩეჩნეთის ომებში.

თუმცა, როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, რუსების ხელთ არსებული სულ 10-მდე Terminator-ის გადასროლა ფრონტის ხაზზე ვითარებას ვერ შეცვლის.

ამასთან ბრიტანული უწყების ინფორმაციით, ეს ნიშნავს იმასაც, რომ სევეროდნოეცკის მიმართლებით ბრძოლაშია ჩართული რუსული არმიის ცენტრალური დაჯგუფებაც, რომლის განკარგულებაშიც შედიან ეს ჯავშანმანქანები. ცენტრალურმა დაჯგუფებამ კი კიევის მიმართულებით ომის პირველ ფაზაში მძიმე დანაკარგები განიცადა.