„რუსებს, რომლებიც მასობრივად ყიდულობენ ბინებს, ვაძლევ გარანტიას, ეს ბინები ჩამოერთმევათ“ - სააკაშვილი

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

განხილვის დაწყებამდე სააკაშვილმა სიტყვის უფლებით ისარგებლა. სხვადასხვა თემასთან ერთად მან ისაუბრა იმ ინფორმაციაზე, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში მასობრივად ყიდულობენ საცხოვრებელ ბინებს.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მათ ეს ბინები ჩამოერთმევათ და ამის გარანტიას თვითონ იძლევა. მისივე თქმით, საქართველოში „რუსული ეთნიკური უმცირესობა“ არ უნდა შეიქმნას.

„იმ რუსებზე მინდა ვთქვა, ვინც ყიდულობს მასობრივად ბინებს. საქართველოში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება შეიცვლება. საერთოდ პუტინი რომ წააგებს ამ ომს, ბევრი ცუდი ტიპი მოშორდება მთელ მსოფლიოში. მათ შორის, ესენიც მოშორდებიან, მაგრამ რუსებს, რომლებიც მასობრივად ყიდულობენ ბინებს, ვაძლევ გარანტიას, რომ მათ ეს ბინები ჩამოერთმევათ, ეს ბინები გაიყიდება და ფული გადაირიცხება უკრაინაში.

ჩვენ არ გვჭირდება რუსეთიდან  მოპარული ფულით აქ ნაყიდი ბინები, არ გვჭირდება აქ რუსული ეთნიკური უმცირესობა. კიდევ კარგი, რუსული ეთნიკური უმცირესობა ჩვენ არ გვყავს. ეს არის ყოველთვის საბადო რომელიმე ქვეყანაში შესვლის და კუდის მოქნევის… ჩვენ ამათ ახლა შეგვიქმნეს 100 000-კაციანი რუსული უმცირესობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის საბაბი არ უნდა მივცეთ.

ეს რუსები ტურისტებად იყვნენ, მათი ნაყიდი ბინები, ჩემგან მიუვათ სიტყვა, ჩამოერთმევათ! ფულს ტყუილად ნუ ხარჯავენ, ქართული სახელმწიფო მოახდენს ამის კონფისკაციას“, – განაცხადა სააკაშვილმა.