რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე შედეგი შესაძლოა 2020 წლის ბოლომდე დადგეს – ბენსუდა

პუბლიკა

თეა წულუკიანი ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე პროკურორმა ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია და მისი, როგორც ჰააგის სასამართლოს პროკურორის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არ არის გამორიცხული, აღნიშნულ საქმეზე კონკრეტული შედეგი დადგეს. ფატუ ბენსუდას უფლებამოსილების ვადა 2020 წლის ბოლოს ეწურება.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ეთნიკური წმენდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულების მსხვერპლი გახდა, გამოძიებიდან ელოდება კონკრეტულ შედეგებს, რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება.