რუსეთი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს – ე.წ. პარლამენტის წევრების და იმ „ოპოზიციონერი დეპუტატების” ნაწილს რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევითა და რეგიონის დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ არ შეასრულებენ „ვალდებულებებს”.
საქმე ეხება „აპარტამენტების კანონს”, რომელიც პროტესტის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმმა 25 ივლისს გაიწვია და არ დაამტკიცა.
„კანონს”, რომელიც ამ დროისთვის მიღებული არ არის, უცხოელებს, ძირითადად, რუსებს ოკუპირებული რეგიონში ბინების აშენებისა და ყიდვის საშუალება უნდა მიეცა.
„კანონი” გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს უცხოელების მიერ ბინების მფლობელობაზე და ბინების შეძენა მხოლოდ იმ პირებს შეეძლებათ, რომლებიც „აფხაზეთის სუვერენიტეტს პატივს სცემენ“, ხოლო პირებს, რომლებიც „სამხედრო მოქმედებებში ან აფხაზეთის მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულებში მონაწილეობდნენ“, ეს უფლება შეეზღუდებათ.
ასევე, უცხოელი მესაკუთრეები ბინადრობის უფლებას ან მოქალაქეობას ვერ მიიღებენ.
ადგილობრივები მას ეწინააღმდეგებოდნენ ფასების სავარაუდო ზრდის, ტურიზმის ბიზნესის ზარალის და რეგიონის დემოგრაფიული ბალანსის შესაძლო ცვლილების გამო – აფხაზები შიშობენ, რომ „საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩნდებიან”.
„კანონს” საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ლობირებდა.
ამ დროისთვის უცხოელებისთვის ბინის ყიდვა აკრძალულია.
19 აგვისტოს შეხვედრის პროტოკოლში, რომელიც 26 აგვისტოს არის ხელმოწერილი, ნათქვამია, რომ რუსეთის ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს ევალება, შეუწყვიტონ აფხაზეთს დაფინანსება 2024 წლის 1 სექტემბრიდან მანამ, სანამ ოკუპირებული რეგიონი „უპირობოდ შეასრულებს თავის ვალდებულებებს”.
ოქმში გათვალისწინებულია „აფხაზური მხარის (ასლან ბჟანია)” ვალდებულება, 2024 წლის 20 სექტემბრამდე წარადგინოს ინფორმაცია რეგიონის ე.წ. პარლამენტის წევრებისა და „აფხაზური ოპოზიციის ლიდერების“ შესახებ, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა და მოქმედებენ „რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების საზიანოდ, მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით“.
დოკუმენტი ასევე ავალებს რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს, მინიმუმამდე დაიყვანონ კონტაქტები ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პარლამენტის წევრებთან „მათი არაკონსტრუქციული პოზიციის გამო რუსული მხარის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით”.
პროტოკოლი ასევე ავალებს რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს, მიაწოდოს აფხაზეთის ე.წ. მთავრობას ინფორმაცია ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში „ექსკლუზიურად კომერციულ საფუძველზე”.