ონლაინგამოცემა „მედუზა“ გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, დენის ლოგუნოვთან ინტერვიუს აქვეყნებს.
ლოგუნოვი ამბობს, რომ ვაქცინა, რომელზეც გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ცენტრი მუშაობს, სავარაუდოდ, სექტემბერში იქნება მზად და მოსახლეობის მასობრივი აცრისთვის 2020 წლის დასასრულისთვის გამოიყენებენ.
ლოგუნოვის თქმით, ვაქცინას თაგვებზე, მაიმუნებსა და ზაზუნებზე გამოცდიან.
ონლაინგამოცემა „მედუზის” ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ცენტრის დირექტორის მოადგილე ვაქცინის გამოშვების დროს ასახელებს, ისინი ჯერ კიდევ არ აქვეყნებენ ვაქცინაზე მუშაობის სამეცნიერო შედეგებს.
2020 წლის ივლისში ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთის ხელშეწყობით მოქმედი ჰაკერული ჯგუფები მსოფლიოში არსებული ინსტიტუტებიდან და აკადემიური დაწესებულებებიდან Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევების შესახებ მონაცემებს იპარავენ.
ბრიტანეთი, აშშ და კანადა, ერთობლივი განცხადებით, კიბერთავდასხმებში „APT29-ს“ სახელით ცნობილ ჯგუფს ადანაშაულებენ, რომელიც, მათი თქმით, რუსეთის უშიშროების სამსახურების ხელშეწყობით მოქმედებს.
„ჩვენ ვგმობთ ამ საშინელ ქმედებებს მათ წინააღმდეგ, ვინც სასიცოცხლო შრომას ეწევა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – განაცხადა NCSC-ის დირექტორმა, პოლ ჩიჩესტერმა.