რუსეთი არ აპირებს, მიიღოს გაეროს გენერალური მდივნის წინადადება სააღდგომო ზავზე

პუბლიკა

გაეროს გენერალური მდივნის თხოვნას, სააღდგომოდ დროებით შეწყვიტონ ცეცხლი, რუსეთი არ დაეთანხმა.

გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რომ არსებული გარემოებების გათვალისწინებით მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე საუბარი არასწორა.

„ეს პრაქტიკაში უბრალოდ იმის შესაძლებლობას მისცემს ნაციონალისტებსა და რადიკალებს, რომ გამოიყენონ შესვენება და გადაჯგუფდნენ“, – განაცხადა პოლიანსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინას არ მისცემს იმის საშუალებას, რომ მოაწყოს ახალი, არაადამიანური პროვოკაციები და გაავრცელოს ცრუ ბრალდებები რუსი სამხედროების შესახებ“, – განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას, რომ სააღდგომოდ 4-დღიანი ზავი გამოაცხადონ. უკრაინის ხელისუფლება გაეროს გენერალური მდივნის წინადადებას დასთანხმდა.