რუსეთი არ წყვეტს პროვოკაციულ ქმედებებს და აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს საქართველოს წინააღმდეგ - საგარეო

პუბლიკა

12 წელი სრულდება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წამოწყებისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ, – საგარეო საქმეთა სამინისტროს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წლის თავზე, რუსეთის ფედერაცია კვლავაც უარს ამბობს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვიტის შეთანხმება და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. მეტიც, რუსეთის ფედერაცია კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო მილიტარიზაციას და დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ. შემაშფოთებელია, რომ ყოველდღიური ხასიათი მიიღო საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრებამ, რასაც თან ახლავს ადგილობრივ მცხოვრებთა უკანონო დაკავებები და გატაცებები.

მაშინაც კი, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ნეგატიურ შედეგებს ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს თავის პროვოკაციულ ქმედებებს და აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს საქართველოს წინააღმდეგ. შეშფოთებას იწვევს, რომ მოსკოვის დეზინფორმაციული შეტევების ობიექტი ლუგარის სახელობის საქართველოს ჯანდაცვის ლაბორატორიასთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც კი გახდა. მეტიც, გლობალური მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების ფონზე საოკუპაციო ძალები ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლის – ზაზა გახელაძის დაჭრასაც არ მოერიდნენ, რომელიც დღემდე მათ უკანონო პატიმრობაში რჩება.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში შელახვა, ეთნიკური დისკრიმინაცია და ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების დარღვევა კვლავაც რჩება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ ტვირთად.

უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული უმწვავესი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობისა და ხალხის გააზრებული არჩევანია მშვიდობა და ქვეყნის მდგრადი განვითარება. საქართველო განუხრელად ახორციელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და მის ხელთ არსებული დიპლომატიური თუ სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით ცდილობს ქვეყნის დეოკუპაციასა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაჭრას. საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ძალისხმევის ნათელი მაგალითია ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობისა და ურთიერთობების აღდგენას.

საქართველო მადლიერია ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევის მხარდაჭერისთვის და  დიდად აფასებს საერთაშორისო პარტნიორების წვლილს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვეტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართვას საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებისკენ და ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული  მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს”, – წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.