რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენების პოტენციურ სცენარებს განიხილავდა - FT

პუბლიკა

Financial Times-ის ინფორმაციით, გაჟონა რუსულმა სამხედრო ფაილებმა, სადაც სხვადასხვა სცენარზე, მათ შორის გარკვეული კრიტერიუმის გათვალისწინებით ბირთვული იარაღის გამოყენებასა და ჩინეთის მიერ სავარაუდო თავდასხმის სცენარზეა საუბარი.

მედია ფაილების შესწავლის შემდეგ ექსპერტებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ზღვარი იმაზე მეტად მცირეა, ვიდრე რუსეთს საჯაროდ უღიარებია.  

ფაილებში შედის ინფორმაცია 2008 წლიდან 2014 წლის ჩათვლით და შეიცავს ისეთ დეტალებს, როგორიცაა, ბირთვული იარაღების გამოყენების პრინციპებზე საზღვაო ოფიცრებისთვის გამართული პრეზენტაციები. პოტენციური ბირთვული პასუხის გამომწვევად განხილულია რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა, ასევე, უფრო კონკრეტული კრიტერიუმი, მაგალითად, რუსეთის სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტებისთვის განკუთვნილი წყალქვეშა ნავების 20%-ის განადგურება. 

ექსპერტები მედიასთან აღნიშნავენ, რომ მართალია, ფაილები 10 წლის წინანდელ ინფორმაციას შეიცავს, თუმცა დღევანდელი რუსული სამხედრო დოქტრინისთვის კვლავაც რელევანტურია. FT-ის განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთის მიერ პარტნიორობის გაძლიერების მიუხედავად, რუსეთის თავდაცვის გეგმა მოსკოვის უშიშროების ელიტაში ჩინეთის მიმართ არსებულ ღრმა ეჭვებზე მიუთითებს.

გამოცემის ინფორმაციით, ერთი მაგალითი ასახავს ჩინეთის ჰიპოთეტურ თავდასხმას – იქ რუსეთი „ჩრდილოეთ ფედერაციად” არის მოხსენებული და აღნიშნულია, რომ იმისთვის, რათა „სამხრეთის” მიერ თავდასხმის მეორე ტალღა თავიდან აიცილონ, შესაძლოა, მას ტაქტიკური ბირთვული დარტყმით უპასუხონ.

FT-ის განცხადებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო, რომ მოსკოვის მიმართ რაიმე „ეჭვები” აქვთ და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობის შეთანხმებას. კრემლმა გამოცემასთან კომენტარის გაკეთებაზე კი უარი თქვა.

მედიის ინფორმაციით, საზღვაო ოფიცრებისთვის ჩატარებულ კიდევ ერთ სცენარში საუბარია პოტენციური ბირთვული თავდასხმის უფრო ფართო კრიტერიუმებზე, მათ შორისაა „მტრის შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე, სასაზღვრო ტერიტორიების დაცვაზე პასუხისმგებელი დანაყოფების დამარცხება”.