რუსეთი ცდილობს იმპერიული პოლიტიკის გატარებას, ისე, როგორც საქართველოში 2008 წელს - სტეფანჩუკი

პუბლიკა

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა Al Jazeera-სთან საუბრისას, რუსეთის სამხედრო აგრესიაზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ყველაფერი, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის რუსეთის იმპერიული პოლიტიკის განხორციელების მცდელობა ევროპის ტერიტორიებზე, როგორც ეს იყო 2008 წელს საქართველოში. ინტერვიუს თარგმანს „რუსთავი 2“ გვთავაზობს. 

„ამჟამად უკრაინის არმია ისევე, როგორც უკრაინელი ხალხი, იცავს თავის ქვეყანას, მიწას, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.  ყველაფერი, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის რუსეთის იმპერიული პოლიტიკის განხორციელების მცდელობა ევროპის ტერიტორიაზე – ყველაფერი ისე, როგორც ეს იყო 2008 წელს საქართველოში.  რუსები ურცხვად იყენებენ წინა სცენარებს. უბრალოდ გაიხსენეთ, როგორ გაანადგურა რუსულმა არმიამ ქალაქები სირიასა და ლიბიაში“, – განაცხადა სტეფანჩუკმა Al Jazeera-სთან.  

მისი თქმით, უკრაინა მზად არის დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის, თუმცა არის წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთასაც უკრაინა არ დაუშვებს.

„ჩვენ სრულად მზად ვართ დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის, თუმცა არის გარკვეული წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთას არ დავუშვებთ. ეს ძირითადად ეხება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საკითხებს“, – აღნიშნა სტეფანჩუკმა და ხაზი გაუსვა ცის ჩაკეტვისა და მკაცრი სანქციების მნიშვნელობას.