რუსეთი და ბელარუსი დღეს ერთობლივ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებენ

პუბლიკა

რუსეთი ბელარუსთან ერთად დღეს მასშტაბურ წვრთნებს იწყებს. 10-დღიანი ერთობლივი სწავლებისთვის მოსკოვმა ბელარუსში 30 000 სამხედრო და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. ბელარუსში გადაისროლეს ავიაცია და რუსეთის უახლესი საჰაერო თავდაცვითი სისტემები. NATO-ს განცხადებით, ბელარუსში ცივი ომის შემდეგ რუსეთს ამდენი ჯარისკაცი აქამდე არასდროს ჩაუყვანია.

რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები ქვეყნის სამხრეთით უკრაინის საზღვართანაა დაგეგმილი. რუსული მედიის ინფორმაციით, ბელარუსში ჩავიდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსიც, რათა პირადად გაეკონტროლებინა წვრთნები.

ბელარუსში უკრაინის საზღვართან თავმოყრილი რუსული შეიარაღება დამატებით საფრთხედ აღიქმება დასავლეთში. რადგან ბელარუსიდან რუს ჯარისკაცებს შეუძლიათ მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზე მოხვდნენ, რომელსაც შეეძლო რუსული აგრესიის შემთხვევაში შემაკავებელი ფაქტორი ეთამაშა და ახლოს აღმოჩნდნენ თავად უკრაინის დედაქალაქ კიევთან.

თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსში დაგეგმილი წვრთნები არავისთვის წარმოადგენდა საფრთხეს და მისი დასრულების შემდეგ რუსი სამხედროები ქვეყანას დატოვებდნენ.

პარალელურად, რუსეთს დაგეგმილი აქვს საზღვაო წვრთნები შავ ზღვაში, რისთვისაც ხმელთაშუა ზღვიდან და ბალტიის ზღვიდან დამატებითი საზღვაო ძალების შავ ზღვაში გადასროლა დაიწყო. შავ ზღვაში დაგეგმილი წვრთნებისას რუსეთი ფაქტობრივად საზღვაო ბლოკადაში მოაქცევს უკრაინას.

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან კი ისევ რჩება მობილიზებული 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო და მძიმე შეიარაღება. რუსეთმა ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაიწყო სამხრეთის სამხედრო ოლქშიც, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ესაზღვრება.

მათ შორის, გასული დღეების განმავლობაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს რუსმა სამხედროებმა ცხინვალშიც. ასევე მცირე ზომის სწავლებები ჩატარდა ოკუპირებულ აფხაზეთშიც.