რუსეთი და ბელარუსი უკრაინის ჩრდილოეთით სამხედრო წვრთნებს ახანგრძლივებენ

პუბლიკა

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ.

რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ წვრთნებს ბელარუსში, უკრაინის ჩრდილოეთით, აგრძელებენ. ინფორმაცია დღეს, ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა გაავრცელა.

მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს “იმის გათვალისწინებით, რომ [რუსეთისა და ბელარუსის] საგარეო საზღვრებთან ახლოს გაიზარდა სამხედრო აქტიურობა”. სამხედრო წვრთნების გაგრძელების კიდევ ერთ მიზეზად, ბელარუსი დონბასის რეგიონში, უკრაინის აღმოსავლეთში, არსებულ დაძაბულობას ასახელებს.

აქამდე არსებული ინფრომაციით, რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნები დღეს, 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო. ამაზე კომენტარი გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა. თუმცა, მას მაშინ არ დაუკონკრეტებია დაუყოვნებლივ დატოვებდნენ თუ არა რუსი სამხედროები ბელარუსს.

ნატოს ინფორმაციით, რუსეთს ბელარუსში 30,000 ჯარისკაცი ჰყავს გაშვებული და შესაძლოა, რომ ისინი უკრაინაზე თავდასხმის დროს გამოიყენოს. თუმცა, მოსკოვი ამ ბრალდებას, ისევე როგორც უკრაინაში შესაძლო ომის დაწყების ბრალდებას, უარყოფს.

ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონსმა, ტელეკომპანია ბიბისისთან ინტერვიუს დროს თქვა, რომ კრემლის მმართველი, ვლადიმირ პუტინი, შესაძლოა ლოგიკურად სულაც არ ფიქრობს, ამიტომ სანქციებით დამუქრება, ალბათ არ იქნება საკმარისი რუსეთის უკრაინაში შეჭრის თავიდან ასაცილებლად.

სანქციები ” შეიძლება არ იყოს საკმარისი ირაციონალური მხარის შესაჩერებლად და ჩვენ უნდა მივიღოთ ის, რომ ვლადიმირ პუტინი შესაძლოა ალოგიკურად ფიქრობს და ვერ ხედავს კატასტროფას, რომელიც წინ აქვს“,- თქვა ჯონსონმა.

სააგენტო “როიტერის” ჟურნალისტის ინფორმაციით, დონეცკში მძლავრი აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმოდა. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, მამაკაცებმა დონეცკში, სატელეფონო შეტყობინება მიიღეს, სადაც მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურში იწვევენ.

აღმოსავლეთ უკრაინაში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სროლების ხმა ისმოდა. ამ სროლებს კი, რუსული სამხედრო ჯარის რაოდენობის გაზრდა მოჰყვა უკრაინის საზღვართან. დასავლეთის მიერ გავრცელებული ინფრომაციით, ახლა უკრაინის საზღვართან და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაახლოებით, 150,000 რუსი სამხედროა განლაგებული.

სამხედროების მობილიზების მიუხედავად, რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმას, რისიც არ სჯერათ დასავლელ ლიდერებს. პრეზიდენტმა ბაიდენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთი, დიდი ალბათობით, აპირებს უკრაინაში შეჭრას. ტელეკომპანია ბიბისისთან საუბრის დროს კი, ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ რუსეთი ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადება.

“გეგმა, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ არის იმისთვის, რაც მასშტაბების გათვალისწინებით, შესაძლოა იყოს ყველაზე დიდი ომი ევროპაში, 1945 წლის შემდეგ”,- თქვა ჯონსონმა.