რუსეთი უკრაინის მიერ დრონებით შეტევის შესახებ იუწყება - ხანძარი იყო ორ ნავთობსაცავში

პუბლიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 12 მარტის ღამეს რუსეთის 7 ოლქში 25 უკრაინული დრონი მოიგერიეს.

როგორც სამთავრობო მედია ამტკიცებს, ორი დრონი ჩამოაგდეს მოსკოვის, ერთი – ლენინგრადის, 7 – ბელგოროდის, 11 – კურსკის, ერთი – ბრიანსკის, ერთი – ტულის, ხოლო 2 – ორიოლის ოლქების ტერიტორიებზე.

Meduza რეგიონის გუბერნატორზე დაყრდნობით წერს, რომ დრონებით შეტევის შემდეგ ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში საწვავისა და ენერგეტიკულ კომპლექსში ხანძარი გაჩნდა. მისი თქმით, ხანძარი იყო ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაშიც – მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მედია ერთ-ერთ ტელეგრამ-არხზე გავრცელებული ვიდეოს მიხევდით იუწყება, რომ ხანძარი გაჩნდა „ლუკოილის” ნავთობსაცავში.

ბრალდებების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინულ მხარეს.

ამასთან, როგორც გამოცემა Meduza აღნიშნავს, ორიოლის ოლქის გუბერნატორის ცნობით, დრონი მოხვდა საწვავის კომპლექსს – ადგილობრივი ტელეგრამ-არხები აცხადებენ, რომ ამის შედეგად, საწყობში ხანძარი იყო.