ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ცენტრის (NCSC) განცხადებით, რუსეთის ხელშეწყობით მოქმედი ჰაკერული ჯგუფები მსოფლიოში არსებული ინსტიტუტებიდან და აკადემიური დაწესებულებებიდან Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევების შესახებ მონაცემებს იპარავენ.
ბრიტანეთი, აშშ და კანადა, ერთობლივი განცხადებით, კიბერთავდასხმებში „APT29-ს“ სახელით ცნობილ ჯგუფს ადანაშაულებენ, რომელიც, მათი თქმით, რუსეთის უშიშროების სამსახურების ხელშეწყობით მოქმედებს.
„ჩვენ ვგმობთ ამ საშინელ ქმედებებს მათ წინააღმდეგ, ვინც სასიცოცხლო შრომას ეწევა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – განაცხადა NCSC-ის დირექტორმა, პოლ ჩიჩესტერმა.
კიბერუსაფრთხოების მკვლევრების ცნობით, „APT29″ სპეციალურ ჰაკერულ ტექნიკას იყენებდა გასული წლის განმავლობაში აშშ-ში, იაპონიაში, ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში პაციენტების მონაცემების მოსაპოვებლად.
კრემლის პრესპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი უარყოფს ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ცენტრის ბრალდებებს.
ბრიტანეთი მომავალ კვირაში რუსეთის მხრიდან ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს.