რუსეთი ოკუპირებულ ხერსონში რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს

პუბლიკა

რუსეთი უკრაინის ქალაქ ხერსონში, სეპარატისტული რეგიონის შესაქმნელად ფსევდო რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერზე“ ავრცელებს.

“რუსები ახლა უიმედოდ ცდილობენ მოაწყონ ყალბი „რეფერენდუმი“ ხერსონში ყალბი „სახალხო რესპუბლიკისთვის“. ნულოვანი სახალხო მხარდაჭერის გათვალისწინებით, ის სრულად იქნება დადგმული. ხერსონი არის და ყოველთვის იქნება უკრაინა.“ – წერს კულება და დასავლეთს მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

კულებამდე, ხერსონში რეფერენდუმის გამართვის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

CNN უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსები ზეწოლას ახდენენ ხერსონის რეგიონულ საბჭოზე,რათა დათანხმდეს რეფერენდუმის ჩატარებას აღნიშნული ტერიტორიის უკრაინისგან “დამოუკიდებლობის” გამოცხადების შესახებ.

ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატმა სერგი ხლანმა განაცხადა, რომ „ოკუპანტები ამზადებენ რეფერენდუმს ხერსონის სახალხო რესპუბლიკის შექმნის შესახებ“. მისივე თქმით, ადგილობრივ დეპუტატებს დაურეკეს და ჰკითხეს მზად არიან თუ არა “თანამშრომლობისთვის”.

დღეს ხერსონში ადგილობრივებმა  მოსახლეობამ ანტისაოკუპაციო მსვლელობა მოაწყო ქალაქის ქუჩებში.

უკრაინის ქალაქი ხერსონი რუსულმა ძალებმა 3 მარტს დაიკავეს.

ხერსონი საზღვაო ქალაქია სამხრეთ უკრაინაში.