რუსეთი პროვოკაციულს უწოდებს საქართველოს პასუხს და ლუგარის ლაბორატორიის ყველა ნაწილში შეშვებას მოითხოვს

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროვოკაციად აფასებს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მათ ბრალდებებზე საქართველოს პასუხს, რომ რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებდა. ამასთან, რუსეთი მოითხოვს, მის დელეგაციას ლუგარის ლაბორატორიაში დაათვალიერებინონ ყველა შენობა და დოკუმენტაცია, მათ შორის, ის ნაწილიც, რომელიც, მათი მტკიცებით, „ამერიკელებს აქვთ დაკავებული“.

„საქართველოს უსაფუძვლო მტკიცება რუსეთიდან წამოსული აგრესიული დეზინფორმაციის შესახებ პროვოკაციულია. მათი მიზანია, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანა იმ სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობიდან, რომელსაც ლუგარის ლაბორატორიაში უცხო ქვეყნები აწარმოებენ. რაც ზრდის შეშფოთებას, რომ საქართველო არღვევს ბიოლოგიური და მომწამვლელი იარაღის აკრძალვის სესახებ კონვენციას“, – წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსეთი ამტკიცებს, რომ ოფიციალურად საქართველო აფინანსებს და მართავს ლუგარის ლაბორატორიას, თუმცა სინამდვილეში მას აშშ-ის შეიარაღებული ძალები აფინანსებს. შეერთებული შტატები კი ლაბორატორიაში „განსაკუთრებით საშიშ ბიოლოგიურ და ინფექციურ აგენტებზე“ ატარებს კვლევებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი მიესალმებიან ქართული მხარის მზადყოფნას, ლაბორატორიაში უმასპინძლონ რუს სპეციალისტებს, თუმცა ეს საკმარისი არ არის ლაბორატორიის უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად.

„როგორც იცით, ორი ათეული წელია, აშშ, რომელიც ალექსეევკაში არსებული დაწესებულების კურატორია, ბლოკავს ყველა მცდელობას, აამოქმედოს ოფიციალური, იურიდიულად დამოწმებული პროტოკოლი, რომელიც ეფექტიან შემოწმებას უზრუნველყოფს. თანაც, შეთანხმება უნდა გაფორმდეს ყველა დაინტერესებული მხარის თანამონაწილეობით.

ჩვენი ხედვით, რუსი სპეციალისტების დელეგაციის სტუმრობა ამ ბიოლოგიურ დაწესებულებაში უნდა მოხდეს როგორც ყველა ლაბორატორიასა და შენობაზე (მათ შორის, იმ შენობების ჩათვლით, რომლებიც ამერიკელ სპეციალისტებს აქვთ დაკავებული), ისე ყველა დოკუმენტზე წვდომის გარანტიით. ეს არის ფორმატი, რომელიც რეალური შემოწმების საშუალებას მოგვცემს. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას PR კამპანიაში, რომელიც რუსეთის საზღვრებთან მომუშავე ამერიკის შეიარაღებული ძალების სპეციალისტებისგან ყურადღების გადატანას ემსახურება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


რუსეთის ბრალდებებს ლუგარის ლაბორატორიაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გუშინ გამოეხმაურა. თავის განცხადებაში საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის ბრალდებებს ლუგარის საქმიანობასთან დაკავშირებით ცრუს და დეზინფორმაციას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ცენტრის მუშაობა კორონავირუსთან ბრძოლის დროს პოზიტიურად ფასდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ, მიუხედავად მრავალი განმარტებისა, რუსეთის გამუდმებულმა პროვოკაციებმა იძულებული გახადა საქართველო, კვლავ გაევრცელებინა განცხადება და საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიეპყრო „რუსეთის უხეში მცდელობების მიმართ დააკნინონ წარმატებული ინსტიტუციის როლი საქართველოს და რეგიონალური უსაფრთხოების საქმეში“.