რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს და პირდაპირ ფრენასაც აღადგენს

პუბლიკა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის  განკარგულების მიხედვით, რუსეთი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას აუქმებს. ასევე, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში პირდაპირი ფრენის აკრძალვაც მოხსნა.

რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 15 მაისიდან გაუქმდება. საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.

რაც შეეხება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენაზე აკრძალვის მოხსნას, უკვე გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის შესაბამისი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება საქართველოში ფრენის აკრძალვის შესახებ ძალადაკარგულად გამოცხადდა.

რუსული ავიაკომპანიები მოსკოვიდან თბილისში, კვირაში 7 პირდაპირ რეისს შესრულებენ. ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ უთხრა რუსულ მედიას.


2000 წელს საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა დსთ-ის ქვეყნებიდან, რომელსაც რუსეთმა დაუწესა სავიზო რეჟიმი. 2006 წელს რუსეთმა დააწესა ემბარგო ქართული პროდუქციის იმპორტზე, შეწყდა, საჰაერო მიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის. იმავე წლის ზამთარში რუსეთმა საქართველოს მოულოდნელად შეუწყვიტა გაზის მიწოდება.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი 2012 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა.

2019 წელს პუტინის გადაწყვეტილებით პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყდა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ – როდესაც დიდი სახალხო პროტესტი მოჰყვა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომასა და სესიის რუსულ ენაზე ჩატარებას.