რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა მიხაილ კალუგინმა განაცხადა, რომ მოსკოვი სერიოზულადაა განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის, იმ პირობით, რომ ის არ იქცევა „გასაცვლელ მონეტად“ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის თამაშებში.
„რუსეთი სერიოზულადაა განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის. მთავარია, საქართველო არ იქცეს „გასაცვლელ მონეტად“ ანტირუსულ თამაშებში“, – თქვა მან.
რუსი დიპლომატის მტკიცებით, მოსკოვი ისწრაფვის „საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობისკენ“. რუსულ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „რიასთან“ საუბარისას, მან „ოცნების“ მთავრობა შეაქო:
„თბილისი ახდენს ჯანსაღი პრაგმატიზმის დემონსტრაციას, მრავალვექტორულობის ტენდენციას საგარეო საქმეებში“, – თქვა მან.
ინტერვიუში მან თქვა, რომ საქართველო არ ჩართულა „ანტირუსული სასანქციო კოალიციაში“ და რომ უარყო „რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნაზე გარედან თავს მოხვეული გიჟური სცენარი“.
„ამის წყალობით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენმა ეკონომიკამ ბევრს მიაღწია. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, თუმცა გვაქვს აქტიური კავშირები, რომლებსაც ხელშესახები სარგებელი მოაქვს“, – თქვა კალუგინმა.
ამ საკითხზე დღეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომელმაც გაიმეორა მანამდე გაჟღერებული პოზიცია – რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს და ურთიერთობების აღდგენის წინაპირობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სუვერენიტეტის პატივისცემაა.