რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ ისაუბრა პირობებზე, რომელსაც რუსეთი „კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის“ მოითხოვს. მოსკოვის პოზიციაა, რომ ამ შეთანხმების ნაწილი გახდეს „მტკიცე გარანტიები“ და უკრაინის „ნეიტრალური სტატუსი“.
„თუ ვსაუბრობთ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაზე, რა თქმა უნდა, მას გარე კონტურები ექნება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამ შეთანხმების ნაწილად იქცეს მტკიცე გარანტიები, რადგან მხოლოდ მათი ჩამოყალიბებით იქნება უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი და ზოგადადაც, რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცება. ამ გარანტიების ნაწილი უნდა იყოს უკრაინის ნეიტრალური სტატუსი და ალიანსში მიღებასთან დაკავშირებით NATO-ს წევრების უარი“, – განაცხადა მან.
ამასთან, ის ამტკიცებს, რომ „კონფლიქტმა“ მიაღწია იმ ეტაპს, სადაც დასავლეთი „სტრატეგიულ მარცხს“ განიცდის. მისი თქმით, სამივე კომპონენტის: „ბრძოლის ველზე სამხედრო მარცხის, ეკონომიკური კოლაფსისა და რეჟიმის ცვლილების მიმართულებით საპირისპირო შედეგებია“.