ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება ამიერიდან ნებისმიერ დღეს შეიჭრას. ამის შესახებ სალივანმა Fox News-თან ისაუბრა.
„ჩვენ ფანჯარაში ვართ, – თქვა სალივანმა, – ამიერიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ უკვე ნებისმიერ დღეს შეიძლება წამოიწყოს სამხედრო მოქმედებები, შესაძლოა, ეს ორიოდე კვირაში მოხვდეს. ანდა რუსეთს კიდევ შეუძლია ამის ნაცვლად აირჩიოს დიპლომატიური გზა“.
სალივანის თქმით, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ მომზადებული აქვს სხვადასხვა ტიპის გეგმა. ეს შესაძლოა იყოს კიბერთავდასხმები, დონბასის ანექსია ან საერთოდაც სრულმასშტაბიანი ომი.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთმა თავი მოუყარა ისეთ შეიარაღებულ ძალებს, რომლითაც მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციის წამოწყება შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ და თავდაუზოგავად ვმუშაობთ საპასუხო ნაბიჯებისთვის“, – განაცხადა სალივანმა.
მისი თქმით, აშშ მუშაობს ყველა ტიპის გეგმაზე, რა საპასუხო ნაბიჯები გადადგას.
ჯეიკ სალივანის ინტერვიუმდე, აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრებთან სრულმასშტაბიანი ომისთვის ჯარების 70% ჰყავს მობილიზებული.
Reuters კი წერს, რომ უკრაინასთან მობილიზებული ბატალიონების რაოდენობა 60-დან 83-მდე გაიზარდა, დამატებით 14 ბატალიონის გადაყვანა კი გრძელდება.